ამერ-იმერი

   1991 წელს ედიშერ გარაყანიძემ მეუღლესთან _ ენათმეცნიერ ნინო ბაღათურიასთან ერთად დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია "ამერ-იმერი".
         ნინო ბაღათურიას მიერ სტუდიისთვის საგანგებოდ შეიქმნა სასწავლო კურსი "სამშობლოსმცოდნეობა", რომელსაც დაემყარა სტუდიის მუშაობა: მთავარი მიზანია   ბავშვის აღზრდა ჰარმონიულ პიროვნებად, რისი საწინდარიც მისი მშობლიურ ნიადაგზე დაყენებაა.

        სტუდიაში ეს უმთავრესად მუსიკალური ფოლკლორის საშუალებით ხორციელდება; აქვე ბავშვებს ექმნებათ ის გარემო, რომელიც დამახასიათებელია ქართული ტრადიციული ყოფისთვის:  ბავშვები სწავლობენ წინაპართაგან საუკუნეებში გამოტარებულ ტრადიციულ ქართულ საბავშვო თამაშობებს, აუთენტურ სიმღერებსა და ცეკვა-ფერხულებს; ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მითოლოგიას, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს; სწავლობენ საეკლესიო საგალობლებსა და საღვთო სჯულს; ზოგადი შემეცნების წესით  ეცნობიან საქართველოში გავრცელებულ ტრადიციულ დარგებს.