ანსამბლის უმთავრეს პრინციპთაგანია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში: "მთიების" შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა; სოფლელი შემსრულებლების მსგავსად, ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე; "მთიებმა" დაამკვიდრა სცენაზე სადა ფერხულებისა და გაშაირების ხალხური ტრადიცია. ანსამბლის მიზანია სცენაზე წარმოდგენილ ფოლკლორს შეუნარჩუნოს ის ბუნებრივობა და სილაღე, რომელიც აგრე რიგად ახასიათებს მის პირველად ფორმებს. "მთიებმა" სცენაზე პირველმა გააცოცხლა ე.წ. თურქეთის საქართველოს ფოლკლორიც.
2001 წლიდან ანსამბლ "მთიებს" ედიშერ გარაყანიძის ვაჟი გიორგი (გიგი) ხელმძღვანელობს. 2003 წელს განახლდა შემადგენლობა: "მთიებს" შეემატა ახალი თაობა, რომელიც აუთენტურ შემოქმედებით პრინციპებზე აღიზარდა ედიშერ გარაყანიძის მიერვე დაარსებულ ფოლკლორულ–ეთნოგრაფიულ სტუდია "ამერ-იმერში". ამიერიდან ჯგუფის შემადგენლობაში ვაჟების გარდა არიან გოგონებიც. ამან საშუალება მისცა "მთიებს" ქართული ფოლკლორის მეტი სისავსით წარმოჩენისა _ რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც ვაჟთა ისე ქალთა ფოლკლორის ნიმუშები, აგრეთვე შერეული მაგალითებიც.
ეთნომუსიკის თეატრ "მთიების" სასცენო შემოქმედება მუსიკალური ფოლკლორის პირველადი სახის წარმოდგენას ემსახურება; მისი მიზანია, მუსიკალურ თავისებურებებთან ერთად სცენაზე წარმოადგინოს ტრადიციულ ყოფაში გამომუშავებული მხატვრული ფორმები, სტრუქტურული თავისებურებები და პირველადი სინკრეტიზმი, ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სისადავე, თავისუფალი ბუნება, იმპროვიზაციულობა.
No comments:
Post a Comment